მანიფესტი
ჩვენ ვდგავართ ისტორიულ გზაგასაყარზე და გვჯერა, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით გამოწვევებს შესაძლებლობებად ვაქცევთ. ჩაგვრას და შიშს დავძლევთ სამართლიანობითა და თანადგომით; დაპირისპირებასა და გათითოკაცებას - დიალოგითა და ნდობის აღდგენით; უიმედობასა და გაურკვევლობას - მომავლის მკაფიო და გაზიარებული ხედვით; სახელმწიფოს მიტაცებას - ძალაუფლების გადანაწილებით; ხელისუფლების კორუფციასა და არაკომპეტენტურობას - კეთილსაიმედო საჯარო სისტემის დაფუძნებით, ხოლო თავისუფალი სამყაროსგან სახელმწიფოს იზოლაციას - პარტნიორებთან თანამშრომლობით, საერთაშორისო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დაკავებით.
ჩვენ ერთად ვესწრაფვით ძლიერ, დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს. ქვეყანას, სადაც ბავშვი ვითარდება მზრუნველ და დაცულ გარემოში, უკლებლივ ყველას აქვს თვითრეალიზების მრავალფეროვანი შესაძლებლობა, პროფესიონალს – აღიარება, მასწავლებელს – პატივისცემა, ხელოვანს და მეცნიერს – შემოქმედების და კვლევის თავისუფლება; შრომა ღირსეული და დაფასებულია, ხანდაზმულობა - უზრუნველყოფილი; სადაც მოსამართლე – სამართლიანობის, პოლიციელი – წესრიგისა და კანონიერების, ხოლო ჯარისკაცი ქვეყნის სადარაჯოზე დგას. ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც კანონი ყველასათვის ერთია, ხოლო სახელმწიფო ძალაუფლება – სამართლიანად გადანაწილებული, დაბალანსებული და, ამავდროულად, საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიერ შებოჭილი.
სამართლიანი არჩევნები, საზოგადოების აქტიური ჩართულობა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოს მედეგ და თავისუფალ სახელმწიფოდ აქცევს. ეს არის მომავალი, სადაც საქართველოს მოქალაქეთა ხმა იქნება სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარი საყრდენი, სადაც ჩვენი ქვეყანა ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ცივილიზებულ სამყაროში, როგორც მნიშვნელოვანი და სრულფასოვანი წევრი.
საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა არის პლატფორმა, სადაც ქვეყნის მრავალფეროვანი ხმები ერთიანდება - ვიღებთ პასუხისმგებლობას, ვსაუბრობთ, ვგეგმავთ, ვმოქმედებთ, რათა საზოგადოების ხმა რეალურ ძალად გარდაიქმნას, რომელსაც მოაქვს ცვლილებები.
გავერთიანდეთ თავისუფალი და დემოკრატიული, ძლიერი და ერთიანი, მშვიდობიანი და სოლიდარული საქართველოსთვის!
ძალა ერთობაშია!