მიზნები & ამოცანები

საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა - საქართველოს მოქალაქეების, საზოგადოების ჯგუფების, პროფესიული გაერთიანებების, ექსპერტებისა და განსხვავებული პოლიტიკური ძალების  დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმა. იგი მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების აღდგენას, საზოგადოების ჩართულობის რეალური მექანიზმის განვითარებას და ფართო სამოქალაქო თანხმობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი დღის წესრიგის შექმნას, რომელიც ასახავს ქვეყნის აქტუალურ და გრძელვადიან, რეალურ საჭიროებებსა და მოქალაქეების ნებას.

ჩვენ ვისწრაფვით, საქართველო ჩამოყალიბდეს ძლიერ, მდგრად დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც თითოეული მოქალაქის უფლება იქნება დაცული, სადაც ყველას ექნება თავისუფლად განვითარებისა და ინკლუზიურ საზოგადოებაში ცხოვრების შესაძლებლობა; ამასთან, საქართველო იქნება აქტიური და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი გლობალური მასშტაბით, ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრი.

ჩვენი სტრატეგიული მიზანია პოლიტიკური კრიზისების პერმანენტული ციკლიდან საქართველოს მშვიდობიანი გზით გამოყვანა, ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოსა და ევროინტეგრაციის გზაზე მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, მედეგი დემოკრატიული სისტემის შექმნა, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს მომავალშიც ძალაუფლების მიტაცებას და უზრუნველყოფს მოქალაქეთა სუვერენიტეტს.

სტრატეგიული მიმართულებები

მიმართულება 1: ეროვნული კონსოლიდაციისა და საზოგადოების თვითმობილიზაციის საფუძველზე, სამართლიანი არჩევნების ჩატარებითა და პოლიტიკური ტერორის დასრულებით პოლიტიკური კრიზისის  მშვიდობიანი დაძლევა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების გრძელვადიანი, ეფექტური საზოგადოებრივი მექანიზმის განვითარება.

მოქმედებს მულტი-აქტორული საზოგადოებრივი ასამბლეა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის ნდობის აღდგენის, დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმას.


ასამბლეის მხარდაჭერით შექმნილია საზოგადოების თვითმობილიზაციის, სოლიდარობისა და მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებზე მშვიდობიანი ზემოქმედების მდგრადი მექანიზმები. ეს მექანიზმები ხელს უწყობს სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის, რეპრესირებულ აქტივისტთა მხარდაჭერისთვის და პოლიტიკური მოტივით დაკავებულთა გათავისუფლებისთვის საჭირო საზოგადოებრივ ძალისხმევას, მშვიდობიან, სამოქალაქო წინააღმდეგობას; მხარდაჭერას უწევს ახალი საზოგადოებრივი ჯგუფებისა და საკომუნიკაციო პლატფორმების ფორმირებას, მათ შორის ეფექტურ თანამშრომლობას. ასამბლეა ავითარებს ობიექტური ინფორმაციის გავრცელებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმებს.

ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე შექმნილია არჩევნების ჩატარების მოდელი, რომელიც პასუხობს საქართველოს რეალობასა და მიმდინარე გამოწვევებს. იგი აღწერს საარჩევნო ეკოსისტემას, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო პროცესს, ინსტიტუციას და აქტორს, რომლებიც გავლენას ახდენენ არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე.


მოდელი უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის გაჩენას და განსაზღვრავს ინსტიტუციურ გარემოს, სადაც მოქალაქეები თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ ნებას, ხოლო ხელისუფლების ცვლა მშვიდობიანად და სამართლიანად ხდება.


ამ პროცესის მიზანია მყარი და ფართო კონსენსუსის საფუძველზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და სტაბილური გარემოს წინაპირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მშვიდობიან ტრანსფორმაციას, კონსტიტუციური ჩარჩოს აღდგენასა და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას.

მიმართულება 2: საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერება და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის მდგრადი და ინსტიტუციური წინაპირობების შექმნის ხელშეწყობა

მიმართულება 3: საზოგადოებრივი ჯგუფების თანამშრომლობის საფუძველზე ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის, თანამედროვე საჯარო მმართველობის სისტემის მოდელებისა და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების შემუშავება 

უზრუნველყოფს ძალაუფლების ბალანსს, სუბსიდიარობას და დეცენტრალიზაციას. ის მიზნად ისახავს სახელმწიფოს კონსტიტუციური ჩარჩოს განვითარებას, სადაც იქნება დაცული მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებები, მათი მრავალფეროვნება და თვითრეალიზაციის შესაძლებლობები, რაც მინიმუმამდე ამცირებს ძალაუფლების კონცენტრაციას ერთ წერტილში. აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს საქართველოს შიდა სტაბილურობას, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის შემდეგ, ადგილობრივი თემების მშვიდობიანი თანაცხოვრების ინსტიტუციურ მექანიზმებს, თითოეული მოქალაქის ინდივიდუალური მულტი-იდენტობის საფუძველზე.


ძალაუფლების გადანაწილების, დეცენტრალიზაციისა და სუბსიდიარობის პრინციპებზე დაფუძნებით, ფორმირდება მძლავრი ადგილობრივი მმართველობა, დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო, ასევე, პარტიული გავლენისგან თავისუფალი ძალოვანი და საჯარო სამსახური. ეს პროცესი ხელს უწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, სამოქალაქო ჩართულობასა და საზოგადოების მდგრადობას.


თანამედროვე საჯარო მმართველობის სისტემა, რომელიც დაეყრდნობა GovTech-ის და DeGov-ის პრინციპებს, მოიცავს საჯარო სექტორში თანამედროვე მიდგომების, დეცენტრალიზებული ტექნოლოგიების, მონაცემთა და ინოვაციების ინტეგრაციას. ეს ხელს შეუწყობს მმართველობის გამჭვირვალობას, მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას და ეფექტიანობას. 


სისტემის მოდელი მოიცავს მძლავრი მმართველობის ინსტრუმენტების ფორმირებას, რომლებიც უზრუნველყოფს საჯარო სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციას, კერძო-საჯარო პარტნიორობით ეფექტიანობის ზრდას და ხელს უწყობს საჯარო გადაწყვეტილებების უფრო მაღალ ხარისხს, ინკლუზიურობას, ანგარიშვალდებულობას და მოქალაქეებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, მინიმუმამდე დაყავს კორუფციის რისკები.


განსხვავებული ინტერეს-ჯგუფების ფართო მონაწილეობით შემუშავებული მულტისექტორული ინტეგრირებული სტრატეგია მოიცავს საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების, ასევე სხვა სექტორების განვითარების ხედვებსა და პოლიტიკებს. სტრატეგია ეფუძნება მულტი-აქტორულ და ინტერ-სექტორულ მიდგომას, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სხვადასხვა სექტორის მიმართ გამართული და კოორდინირებული პოლიტიკის ჩამოყალიბებას.


ამ მიდგომამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინკლუზიურ და სტაბილურ განვითარებას, ასევე დემოკრატიული მმართველობის ფორმირებას, რომელიც ანგარიშვალდებული და ეფექტური იქნება. საბოლოო მიზანია, ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია საერთაშორისო სისტემაში, მისი როლის გაძლიერება და საერთაშორისო საზოგადოებაში საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორის სახით წარმოჩენა.