კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი საკითხები კრიზისიდან გამოსვლისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გარდამავალ პერიოდში
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური და საქართველოს კონსტიტუციის მე-20/4 მუხლით გამყარებული უფლებაა, რომელიც ილახება კულტურული მემკვიდრეობის მართვის სფეროში დღეს არსებული გამოწვევებით.
ეს გამოწვევები რამდენიმე კატეგორიად შეიძლება დაიყოს:
ზოგადი გამოწვევები
სისტემური ხასიათის გამოწვევები
კონიუნქტურული ხასიათის / დღევანდელი ვითარებით განპირობებული გამოწვევები
ცალკე პრობლემად უნდა გამოიკვეთოს თბილისის კულტურული მემკვიდრეობის «მართვის » საკითხები, რომლებიც ყველა სახის გამოწვევას აერთიანებს.
დაშვება: არჩევნები ჩაინიშნა, ძალაუფლება ხალხის ხელშია ; ქვეყანა ემზადება ახალი არჩევნებისთვის.
პირველი 100 დღის მანძილზე მიზანშეწონილია:
ა) დაწესდეს სტრატეგიული პაუზა იმ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, რომელთა მიზანშეწონილობა საეჭვოა, განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პროექტებზე, როგორიცაა, მაგალითად, ცათამბჯენების პროექტები თბილისის, ბათუმის ისტორიულ არეალში, ალავერდის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობა, ეკლესიების უკვე არსებული საფარის თუნუქით გადახურვა და სხვა.
ამისათვის შეიქმნას დარგის სანდო სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც შეადგენს სტრატეგიული პაუზისთვის შერჩეული ობიექტების ნუსხას.
ბ) გასაჯაროვდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე პროცესები, პროფესიული და ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი იყოს სამუშაო პროცესის ყველა ეტაპი (გელათი, ისტორიული ქალაქები, სოფლები და სხვ.).
გ) შეიქმნას მსოფლიო მემკვიდრეობის დროებითი კომისია, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეზოლუციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე გაანალიზებს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის სფეროში წლების მანძილზე შექმნილ კრიზისს და პრობლემებს, დასახავს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმას და განსაზღვრავს მართვის მოდელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემაში.
დ) აღუდგეს თანადაფინანსება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროში რეგიონებში მომუშავე იმ ჯგუფებს და ორგანიზაციებს, რომელთაც ბოლო ხანს პოლიტიკური ნიშნით მოეხსნა ეს სასიცოცხლო დახმარება.
თბილისის კონტექსტში:
შეწყდეს მშენებლობა ისტორიულ ნაწილში, დაწესდეს სტრატეგიული პაუზა გადაუდებელი ღონისძიებების დასაგეგმად, მარეგულირებელი დოკუმენტების შესაქმნელად.
დაშვება: ხელისუფლება და საზოგადოება აცნობიერებს უნიკალურობის ეკონომიკის პოტენციალს, არსებობს კულტურული მემკვიდრეობის სწორად განვითარების ნება. ყალიბდება სწორი ხედვა. შენდება სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც გააზრებული აქვს კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ამოუწურავი რესურსის, მნიშვნელობა საქართველოს სიცოცხლისუნარიანი სოციალური და ეკონომიკური განვითარებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის.
გრძელვადიან ჭრილში პრიორიტეტები ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:
ა) გაგრძელდეს სტრატეგიული პაუზა გადაუდებელი ღონისძიებების დასაგეგმად, მარეგულირებელი დოკუმენტების შესაქმნელად.
ბ) შიდა სექტორული ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის მიერ განხორციელდეს საკანონმდებლო, ინსტიტუციური, საკადრო პოლიტიკის, ძეგლთა დაცვისა და კონსერვაციის კუთხით არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და საჭიროებათა კვლევა და ანალიზი.
გ) ამ ანალიზის საფუძველზე შემუშავდეს დამოუკიდებელი პროფესიული სათათბირო ორგანოების მხარდაჭერისა და გაძლიერების მექანიზმები, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი უწყებების ბიზნესთან შერწყმულ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაქვემდებარება.
დ) გაუმჯობესდეს საკანონმდელო ჩარჩო
i. გათვალისწინებულ იქნას 2014 წელს იკომოსის მიერ შემუშავებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის რეკომენდაციები, მოხდეს ამ დოკუმენტის განახლება და დამტკიცება.
ii. მოხდეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კანონპროექტის განახლება და დამტკიცება, ამოქმედებულ იქნას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კანონპროექტით გათვალისწინებული მექანიზმები, როგორიცაა „ცოცხალი საუნჯის“ სტატუსი და სხვ.
iii. შესაბამისად, მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონისა და კანონქვემდებარე აქტების გადახედვა, გაუმჯობესების მიზნით.
ე) შემუშავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 5-წლიანი სტრატეგია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის რეკომენდაციებისა და ჩატარებული კვლევის საფუძველზე. ეს დოკუმენტი უნდა ითვალსიწინებდეს როგორც დარგზე პასუხისმგებელი უწყებების ინსტიტუციურ გამართვასა და დეცენტრალიზაციას, ასევე საკადრო და საგანმანათლებლო სფეროში ცვლილებებს, კერძოდ:
i. დარგზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებში პროექტების განხორციელებისა და მონიტორინგის ფუნქციების განცალკევებას
ii. კულტურული მემკვიდრეობის მართვის სისტემის დეცენტრალიზაციაზე მუშაობას, კულტურული მემკვიდრეობის გააზრებას რეგიონულ კონტექსტში, კულტურული მემკვიდრეობის მართვაში ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდას
iii. საკადრო პოლიტიკის გაუმჯობესებას
iv. პროფესიული კადრების მომზადებაზე, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე სათანადო ზრუნვას საგანმანათლებლო სისტემის სრულყოფითა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობით
v. საშუალო განათლების პროგრამაში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სემინარების დამატებას, სახელოვნებო განათლების ხელშეწყობას ; სახელოვნებო კვლევითი კომპონენტის შეტანას სასკოლო პროგრამაში.
v.i. კონსერვაციისა და მართვის გეგმის შემუშავებას ყველა ისტორიულად ჩამოყალიბებულ დასახლებასა და კომპლექსურ ძეგლზე, ტიპოლოგიის შესაბამისი ფორმითა და შინაარსით.
ვ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მნიშვნელობაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მუდმივი საკომუნიკაციო კამპანიის წარმოება ყველა მედია საშუალების, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით.
ზ) დარგთაშორისი და უწყებათაშორისი ქმედითი თანამშრომლობის უზრუნველყოფა
ყველა მსხვილი პროექტის დაგეგმვისას ინტეგრირებული მიდგომის უზრუნველსაყოფად და კულტურული მემკვიდრეობის ინტერესის გასათვალისწინებლად, შეიქმნას დარგთაშორისი და უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც გააერთიანებს კულტურული მემკვიდრეობის, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარების, ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სფეროში წამყვანი უწყებების წარმომადგენლებს.
თ) კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესება, კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი უწყებების საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, კონვენციებითა და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული პასუხისმგელობის შესრულება
ი) ხელი შეეწყოს სახელმწიფო უწყებებსა და პროფესიულ სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას, ასევე მოქალაქეების, საზოგადოებრივი, პროფესიული ორგანიზაციების ჩართულობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში
კ) ხელი შეეწყოს ახალგაზრდების ჩართვას მოხალისეობრივი საქმიანობითა და მემკვიდრეობის სფეროში დასაქმებით
თბილისის კონტექსტში:
i. გაგრძელდეს სტრატეგიული პაუზა, სანამ არ განხორციელდება გადაუდებელი ღონისძიებები და არ შეიქმნება მარეგულირებელი დოკუმენტები.
ii. დაიწყოს ურბანული კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის სართაშორისო პრინციპების შესაბამისი მართვის სისტემასა და მარეგულირებელ დოკუმენტებზე მუშაობა;
iii. შეიქმნას შესაბამისი პროფესიული რესურსის მქონე თბილისის ისტორიული ნაწილის დაცვის სამსახური.
iv. პირველ რიგში შემუშავდეს შუა საუკუნეების პერიოდის ბირთვის, კალას, დეტალური კონსერვაციის გეგმა. ეტაპობრივად შემუშავდეს თბილისის სხვა ისტორიული უბნების კონსერვაციის გეგმები.
v. გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოყენებულ იქნას უკვე არსებული ან მომავალში ჩასატარებელი კვლევები.