განცხადება უმაღლესი განათლების „რეფორმასთან“ დაკავშირებით
ჩვენ, „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის“ აკადემიის სფეროს, შშმ პირების თემის, კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის, გარემოს დაცვის და ადვოკატებისა და იურისტების ინტერეს ჯგუფების, მცხეთის საზოგადოებრივი ასამბლეის და ქუთაისის საზოგადოებრივი ასამბლეის წარმომადგენლებს, მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უმაღლესი განათლების ე.წ. „რეფორმა“ სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს განათლების სისტემას, აზიანებს განათლების ხარისხს, ზღუდავს საუნივერსიტეტო ავტონომიას, ზრდის უმაღლესი განათლების სფეროს პოლიტიკური და ადმინისტრაციული კონტროლის ქვეშ მოქცევის რეალურ რისკს. აღნიშნული პროცესების გაგრძელება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს როგორც აკადემიურ სივრცეს, ისე ქვეყნის გრძელვადიან საზოგადოებრივ და ეკონომიკურ განვითარებას.
პრინციპი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ მოკლებულია რაციონალურ და აკადემიურ დასაბუთებას. მსგავსი მიდგომა არც საერთაშორისო პრაქტიკაში წარმოადგენს სავალდებულო ნორმას და არც თანამედროვე განათლების პოლიტიკის ლოგიკას შეესაბამება. მისი ძალისმიერი დანერგვა პირდაპირ აზიანებს წარმატებულ სახელმწიფოებრივ საგანმანათლებლო კერებს და უგულებელყოფს უნივერსიტეტების ინსტიტუციურ ავტონომიას.
განსაკუთრებით საგანგაშოა იმ პროგრამების გაუქმება, რომლებიც საერთაშორისო რეიტინგებითა და ხარისხის შეფასების შესაბამისი მეტრიკით წარმატებულად არის დადასტურებული. წარმატებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მასობრივი დახურვა ვერ იქნება ხარისხის გაუმჯობესების გზა. ვერც ზოგადი და უმაღლესი განათლების ხანგრძლივობის ხელოვნური შეკვეცა, ფართო პროფესიული და აკადემიური დისკუსიების გარეშე, ვერ ემსახურება განათლების ხარისხის ამაღლებას. პირიქით, ბიოინფორმატიკის, ხელოვნური ინტელექტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საინჟინრო და სხვა ინტერდისციპლინური მიმართულებების ეპოქაში მათი შეზღუდვა ეწინააღმდეგება როგორც თანამედროვე გლობალურ ტენდენციებს, ისე ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს.
ასევე მიუღებელია ზუგდიდის, გორის, ახალციხისა, თელავის უნივერსიტეტების ავტონომიისა და მრავალპროფილურობის ხელოვნური შეზღუდვა, რაც რეგიონული განვითარების პერსპექტივას ასუსტებს და განათლების ხელმისაწვდომობას ზღუდავს. განსაკუთრებით საგანგაშოა დევნილი საზოგადოების ინტელექტუალური ცენტრის, დევნილი სოხუმის უნივერსიტეტის სიმბოლური კაპიტულაციის ვითარებაში ჩაყენება, რომელიც პირდაპირ ურტყამს დეოკუპაციის პოლიტიკას.
აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ შეწყდეს „რეფორმის“ სახელით მიმდინარე პროცესი და მოხდეს მისი კანონიერ და აკადემიურ ჩარჩოებში დაბრუნება. აუცილებელია დაიწყოს ფართო და რეალური კონსულტაციები განათლების პოლიტიკის სპეციალისტებსა და აკადემიურ წრეებს შორის თანამედროვე უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების გრძელვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.
მოვუწოდებთ სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული შიდა საუნივერსიტეტო დემოკრატიული მექანიზმები და მკაფიოდ დააფიქსირონ არგუმენტირებული დამოკიდებულება „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის მიმართ როგორც ინსტიტუციურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე. თუკი აკადემიური საბჭო და რექტორი სათანადოდ ვერ ასახავენ საუნივერსიტეტო საზოგადოების განწყობას და საჯაროდ ვერ იცავენ უნივერსიტეტის ფუძემდებლურ პრინციპებს, დადგეს საკითხი სახელმწიფო უნივერსიტეტებში რიგგარეშე არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების თაობაზე. მოგიწოდებთ საუნივერსიტეტო სივრცეში საჯარო, აკადემიური დებატების გამართვისკენ. პროცესში, მათ შორის, ჩართულნი უნდა იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ნეიტრალური უცხოელი ექსპერტები და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროფესიული, გამჭვირვალე და ლეგიტიმური მიდგომა.
მიგვაჩნია, რომ დროა განცხადებებისა და დისკუსიების ეტაპიდან გადავიდეთ ორგანიზებულ, კოორდინირებულ ქმედებაზე და საფუძველი ჩაეყაროს განათლების საკოორდინაციო ცენტრს, რომელიც გააერთიანებს საკითხით დაინტერესებულ პროფესურას, სტუდენტობას, სასწავლებლების ადმინისტრაციულ თანამშრომლებს, აბიტურიენტებს, მშობლებს, მასწავლებლებს, სხვადასხვა დარგობრივი პროფკავშირისა და ასოციაციის წევრებს. განათლების დაცვა ნიშნავს კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირეული პრინციპებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვას.
გვჯერა, რომ აკადემიური საზოგადოების ერთიანობას აქვს პასუხისმგებლობაც და ძალაც, დაიცვას საუნივერსიტეტო ავტონომია, აკადემიური თავისუფლება და უზრუნველყოს ქვეყნისთვის საჭირო, რეალური და განვითარებისკენ მიმართული საგანმანათლებლო რეფორმა.
განცხადების მხარდაჭერა შეგიძლიათ ამ ფორმის შევსებით: