3 აგვისტო, 2026 წელი
საზოგადოებრივი ასამბლეის კულტურული მემკვიდრეობის ჯგუფის განცხადება ნავთლუღში მდებარე სილოსთან დაკავშირებით
სილო არ უნდა დაინგრეს!
ჩვენ, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, მკვლევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დაუშვებლად მივიჩნევთ ჩვენი დედაქალაქის ტიპოლოგიური მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას. ინდუსტრიული მემკვიდრეობაც ამ საგანძურის განუყოფელი ნაწილია და, შესაამისად, დასაცავი და შესანარჩუნებელი ფასეულობაა.
თბილისის სილოს განსაკუთრებული ადგილი უკავია თბილისში შემორჩენილ, დღეს უკვე მიტოვებულ და უფუნქციოდ დარჩენილ ინდუსტრიულ ნაგებობებს შორის. იგი წარმოადგენს არა მხოლოდ ქალაქის ინდუსტრიული განვითარების მნიშვნელოვან მოწმობას, არამედ თბილისის ისტორიული იერსახისა და მეხსიერების განუყოფელ ნაწილსაც.
ნავთლუღში მდებარე №5 წისქვილკომბინატი (სილო), საბჭოთა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ავტომატიზებული ინდუსტრიული ობიექტია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კომპლექსი თანდათან დაიშალა, სილო კი დღემდე მნიშვნელოვან მატერიალურ მოწმობად შემოგვრჩა. ამჟამად ეს მასშტაბური მონუმენტური კომპლექსი კერძო მფლობელის საკუთრებაშია, რომელსაც მისი დანგრევა და სანაცვლოდ 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენება სურს.
წისქვილკომბინატის მშენებლობას საფუძველი 1932 წლის 1 მაისს ჩაეყარა. თავდაპირველად ორი ძირითადი ნაწილი აშენდა, მოგვიანებით, 1976-1980 წლებში, თითო სეგმენტი დაემატა. შენობას მაშინდელ 26 კომისრების უბანში 1 კვადრატული კილომეტრის ფართი დაეთმო. ერთიან კომპლექსში სხვადასხვა საწარმოსა და საამქროს გამართული, ავტომატიზებული მუშაობა ხორბლის დამუშავების, დაფქვის, პურის ცხობისა და ფქვილის შენახვის მასშტაბებს უპრეცედენტო დონეზე ზრდიდა. ხორბლის შესანახი კოშკი 400-ზე მეტ ტონა მარცვლეულს იტევდა, ხოლო საფქვავი საამქრო 8 საათში 200 ტონა ხორბალს ამუშავებდა. კომბინატის ყველა საწარმოში შრომის უმეტესი ნაწილი მექანიზირებული იყო, რაც მას საბჭოთა კავშირში ადგილობრივი წარმოების მანქანებით სრულად აღჭურვილ პირველ კომბინატად აქცევდა. მისი მშენებლობა და მოწყობა 4 200 000 მანეთი დაჯდა.
სტრუქტურულად სილო მჭიდროდ დაწნული არმატურის ბადისგან შედგება, რომელიც მის მთლიან სხეულში თანაბრად არის განაწილებული. სილოს სტრუქტურა მოიცავს ჯამში 84 ცილინდრს,
უსაფრთხოების ზომების დაცვის შემთხვევაშიც კი, სილოს დემონტაჟი წარმოადგენს რთულ და სახიფათო პროცესს, რომელიც ამასთანავე უკიდურესად საზიანოა გარემოსთვის. სამშენებლო ნარჩენების ევაკუაცია გარდუვალ ეკოლოგიურ პრობლემას შექმნის.
საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მსგავსი მასშტაბის, ტექნოლოგიურად რთული ინდუსტრიული ნაგებობების ნგრევა არ წარმოადგენს ოპტიმალურ ან იაფ გზას. არსებული ინდუსტრიული კომპლექსის შენარჩუნება, განახლება, ხელახალი გამოყენება და ახალი ფუნქციით დატვირთვა კი ქმნის მნიშვნელოვან კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ ღირებულებას.
ამ მიმართულებით შესწავლილი არაერთი მაგალითი ადასტურებს, რომ სილოს ტიპის ნაგებობების ადაპტაცია სრულად რეალისტური და პრაქტიკულად განხორციელებადი პროცესია. ესპანეთში, The Factory-ის შემთხვევაში, Ricardo Bofill-იმ მიტოვებული სილო საკუთარ არქიტექტურულ სტუდიად გარდაქმნა. ჩინეთში, გუანჯოუს ლუდის ქარხნის 38-მეტრიანი სილო O-office Architects-ის პროექტით განახლდა, მინშენგის ნავსადგურში კი Atelier Deshaus-მა მსგავსი სტრუქტურა საზოგადოებრივ სივრცედ აქცია. აშშ-ში, Silo City წარმოადგენს მასიური ბეტონის სილოების კულტურულ და რეკრეაციულ კომპლექსად გარდაქმნის წარმატებულ მაგალითს, ხოლო გერმანიაში Herzog & de Meuron-ის მიერ განხორციელებული MKM Museum Küppersmühle ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ინდუსტრიული მემკვიდრეობა გადაიქცეს თანამედროვე კულტურის ცენტრად. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ წარმატებული მაგალითებისა, რომლებიც სილოს ტიპის ნაგებობების ადაპტაციის საინტერესო ნიმუშებია.
გარდა წარმატებით განახლებული სილოებისა, ამ ტიპის შენობები არაერთი ავტორის ინსპირაციის წყაროა. ავსტრიელი ხელოვნების ისტორიკოსი ალოის რიგლი სილოს “უნებლიე მონუმენტებს” (unintentional monument) უწოდებს, რაც კარგად წარმოაჩენს ამ მონუმენტური ნაგებობის არქიტექტურულ-კულტურულ ღირებულებასა და ხასიათს.
დღეს შემორჩენილი სილო თბილისის ინდუსტრიული წარსულის ერთგვარი სიმბოლოა, რომლის დავიწყებაც ქალაქის ისტორიის დავიწყებას ნიშნავს. სილოს ადგილას ამჟამად დაგეგმილი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა წაშლის ისტორიულ კვალს და შექმნის მორიგ ჩაკეტილ სივრცეს, რომელსაც არაფერი ექნება საერთო განვითარებასთან და მხოლოდ კერძო მესაკუთრის მოგებას მოემსახურება.
ნავთლუღის №5 წისქვილკომბინატი (სილო) წარმოადგენს ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეულ ნიმუშს, რომელსაც აქვს მაღალი არქიტექტურული, საინჟინრო, ტექნოლოგიური, ისტორიული, ურბანული და მეხსიერებითი ღირებულება. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპლექსის მომავალთან დაკავშირებით უნდა შედგეს ღია პროფესიული და საზოგადოებრივი დისკუსია. აუცილებელია ჩატარდეს ღია არქიტექტურული კონკურსი და პროფესიულ საზოგადოებას მიეცეს საშუალება, წარადგინოს სილოს ფუნქციური ადაპტაციისა და განვითარების ვერსიები.
მოვითხოვთ,
შეჩერდეს ტერიტორიაზე დაწყებული დემონტაჟი;
სილოს მიენიჭოს არქიტექტურისა და საინჟინრო ძეგლის სტატუსი;
სილო შენარჩუნდეს საზოგადოებრივი ფუნქციით!