18 ივლისი, 2026 წელი
საზოგადოებრივი ასამბლეის კულტურული მემკვიდრეობის ჯგუფის განცხადება უშგულში, ლამარიას ტაძრის მიმდებარედ მიმდინარე უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით. განცხადებას უერთდება ინივიატივა “კულტურა დემოკრატიისთვის”.
უშგული წარმოადგენს მაღალმთიანი დასახლების უნიკალურ ნიმუშს. მის შემადგენლობაში შემავალი სოფლები ზემო სვანეთის შუა საუკუნეების სამშენებლო ხელოვნების უმაღლესი გამოხატულებაა. საცხოვრებელი სახლებისა და კოშკების მრავალფეროვანი ტიპოლოგია, საკულტო არქიტექტურასა და ბუნებრივ გარემოსთან ერთად, ქმნის უშგულის გამორჩეულ კულტურულ-ისტორიულ ლანდშაფტს. სოფელი ჩაჟაში, როგორც ზოგადსაკაცობრიო გამორჩეული ღირებულების მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, 1996 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საზოგადოებისთვის განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა ლამარიას ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრაპეზოს მშენებლობის საკითხი, რომელიც ადგილობრივი ეპარქიის ინიციატივით ხორციელდება. აღნიშნული მშენებლობა პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის კანონს, ისე საერთაშორისო სამართლის იმ პრინციპებსა და ვალდებულებებს, რომლებიც მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის სფეროს არეგულირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეპარქიას სამშენებლო ნებართვის მისაღებად არ მიუმართავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის. შესაბამისად, მიმდინარე სამუშაოები უკანონოა და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ძეგლის იერსახეს.
მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს, რომ ლამარიასთან მიმდინარე მშენებლობა არ წარმოადგენს ერთჯერად, იზოლირებულ შემთხვევას. იგი იმ სავალალო პროცესების გაგრძელებაა, რომლებიც წლების განმავლობაში ვითარდება უშგულში და ეტაპობრივად აზიანებს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ ლანდშაფტს.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში უშგული მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც, დიდწილად, ტურიზმის არაგეგმაზომიერი და არარაციონალური განვითარების შედეგია. ქაოტური მშენებლობების ტალღა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტიკურობასა და გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებას. არაერთი ახალი ნაგებობა შეჭრილია ბუფერულ ზონაში და უარყოფითად ზემოქმედებს ჩაჟაშის ისტორიულ გარემოსა და ვიზუალურ მთლიანობაზე. ამის მაგალითია ჩაჟაშის მიმდებარედ ჩამოყალიბებული ახალი დასახლება ლამჯურიში.
სამწუხაროდ, დღემდე უშგულს არ გააჩნია კონსერვაციის მოქმედი გეგმა, ხოლო შემუშავებული განაშენიანების რეგულირების დოკუმენტი ჯერ კიდევ არ არის ძალაში შესული. არსებული მდგომარეობა მოითხოვს დაუყოვნებლივ, კომპლექსურ და პროფესიულ რეაგირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რეალური საფრთხე, რომ უშგულმა დაკარგოს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს უახლესი განცხადების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები ლამარიას მიმდებარედ შეჩერებულია. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ განხორციელდეს უკვე აშენებული კონსტრუქციის დემონტაჟი. ამასთანავე, მოვუწოდებთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, მიიღოს ქმედითი და ეფექტიანი ზომები წლების განმავლობაში უშგულში მიმდინარე უკონტროლო სამშენებლო პროცესების შესაჩერებლად და გააძლიეროს მონიტორინგი, რათა დაცული იყოს უშგულის, როგორც უნივერსალური ღირებულების მქონე მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მომავალი.