22 მაისი, 2026 წელი
განცხადება საქართველოში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ
ჩვენ, საზოგადოებრივი ასამბლეის კულტურული მემკვიდრეობის ჯგუფი, საზოგადოებრივი ასამბლეის გარემოს დაცვის ჯგუფი, მცხეთის საზოგადოებრივი ასამბლეა, ქუთაისის საზოგადოებრივი ასამბლეა, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, მკვლევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, გამოვხატავთ შეშფოთებას საქართველოში UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისა და პოტენციური მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების დაცვის მდგომარეობის გამო. ბოლო წლებში განსაკუთრებით აშკარა გახდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არსებული პრობლემები აღარ წარმოადგენს ცალკეულ შემთხვევებს, არამედ ასახავს მმართველობის, ანგარიშვალდებულებისა და კანონის უზენაესობის სისტემურ კრიზისს.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს გელათის მონასტერში მიმდინარე მრავალწლიანი კრიზისი, რომელიც უკავშირდება არასათანადოდ დაგეგმილ და განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა ძეგლის ავთენტიკურობასა და მთლიანობას. შემდგომი დაზიანების საფრთხე კვლავაც დიდია. მიუხედავად მრავალწლიანი საერთაშორისო ჩართულობისა, გელათის შემთხვევაში კვლავ ნათლად ჩანს კულტურული მემკვიდრეობის დარგის სისტემური გამართვის პოლიტიკური ნების არარსებობა, ინსტიტუციური სისუსტე, პროფესიული სტანდარტების უგულებელყოფა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა.
არანაკლებ მძიმეა მდგომარეობა ზემო სვანეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე. 1996 წელს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ჩაჟაშის თემის მემკვიდრეობა, დღეს დგას იმ საფრთხეების წინაშე, რომლებზეც პროფესიული წრეები უკვე წლებია მიუთითებენ. როგორც ICOMOS საქართველოს ჯერ კიდევ 2021 წლის განცხადებაშიც აღინიშნა, სახეზეა „ისტორიული ქსოვილის მნიშვნელოვანი დაზიანება და დაკარგვა, ტრადიციული დასახლების სტრუქტურის, მისი გარემოსა და მთლიანობის რღვევა“. კვლავ გრძელდება უკონტროლო და არალეგალური მშენებლობები, ბუფერული ზონის ქაოსური განაშენიანება, ტრადიციული ლანდშაფტის რღვევა და ავთენტიკური ისტორიული გარემოს დაზიანება. მრავალი ძეგლი მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, ხოლო დაზიანებულ ნაგებობებზე რეაგირება ხშირად ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინიციატივების ძალისხმევაზეა დამოკიდებული და არა სახელმწიფო ინსტიტუციებზე. ძეგლს დღემდე არ გააჩნია სრულფასოვანი მართვის გეგმა, არ არსებობს ეფექტიანი მონიტორინგისა და ადგილზე რეაგირების მექანიზმები, ხოლო ტურიზმის განვითარება პრაქტიკულად დაურეგულირებელ პროცესად რჩება.
ზემო სვანეთის შემთხვევა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ აზიანებს არაეფექტიანი მართვა, პროფესიული სტანდარტების იგნორირება და ინსტიტუციური სისუსტე მსოფლიო მემკვიდრეობის გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებას. მიუხედავად წლების განმავლობაში ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიული წრეების არაერთი გაფრთხილებისა, სახელმწიფოს მხრიდან არც ზემო სვანეთთან მიმართებით ჩანს პრობლემების სისტემური გადაწყვეტის პოლიტიკური ნება.
მცხეთის ისტორიული ძეგლების შემთხვევაში კვლავ პრობლემად რჩება გაჭიანურებული და არაეფექტიანი მართვის პროცესი. უკვე მრავალი წელია მოქმედებს მშენებლობის მორატორიუმი, რომელიც სახელმწიფოს მიერ კვლავაც დროებით და აუცილებელ დამცავ ზომად არის წარმოდგენილი, რადგან ისტორიულ ქალაქს ჯერ კიდევ არ აქვს დამტკიცებული სრულფასოვანი სივრცითი და მართვის დოკუმენტაცია. მორატორიუმის მრავალწლიანი გაგრძელება თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო მემკვიდრეობის დაცვის მდგრადი, გრძელვადიანი და ინსტიტუციურად გამართული სისტემა.
ნიშანდობლივია, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე, მცხეთის ჯვრის დიდ ტაძარზე, ამერიკის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევებისა და საკონსერვაციო გეგმის მომზადების შემდეგ, განუხორციელებელი დარჩა პროექტის მეორე ნაწილი, უშუალოდ საკონსერვაციო სამუშაო, რომლისთვისაც აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა 2020 წელს გამოყო 506 000 აშშ დოლარი და რომელიც 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. მაგრამ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა ვერ იმუშავა პროექტზე კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი დაბრკოლებების გამო. ტაძრის ინტერიერში ქვის საკონსერვაციო სამუშაოები მხოლოდ 2026 წლის მარტში დაიწყო. მრავალწლიანმა უმოქმედობამ მცხეთის ჯვრის ტაძრის ქვის ეროზია გააღრმავა და საფრთხე შეუქმნა ძეგლის შენარჩუნებას.
მცხეთის მაგალითიც აჩვენებს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა საქართველოში კვლავ დიდწილად რეაქტიულ და კრიზისულ რეჟიმში მიმდინარეობს და არა წინასწარ დაგეგმილი, თანმიმდევრული პოლიტიკის საფუძველზე.
ეს შემთხვევები ცხადყოფს, რომ პრობლემა სცდება ცალკეული ძეგლების ფარგლებს და ეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროს მთლიანად.
ვფიქრობთ, დღევანდელ ვითარებაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კრიზისი უნდა განიხილებოდეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების, გადაწყვეტილების მიღების პროცესების გაუმჭვირვალობისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების ფართო კონტექსტში. კულტურული მემკვიდრეობის სფეროს დამოუკიდებელი ექსპერტიზის მარგინალიზაცია, პროფესიული პროცესების პოლიტიზება და საჯარო ინტერესის იგნორირება პირდაპირ აისახება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე.
მივმართავთ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს, საერთაშორისო პროფესიულ ორგანიზაციებს, დონორ ინსტიტუციებსა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებს. მნიშვნელოვანია, რომ კანონის უზენაესობის, დემოკრატიული მმართველობისა და ინსტიტუციური ანგარიშვალდებულების შესახებ საერთაშორისო დისკუსიები სრულად მოიცავდეს კულტურისა და მემკვიდრეობის სფეროსაც. ასევე, აუცილებელია დამოუკიდებელი პროფესიონალების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საგამოძიებო მედიის მხარდაჭერა, რომლებიც დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ისე საჯარო ინტერესის დაცვის საქმეში.
საქართველოში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა მხოლოდ კულტურული პოლიტიკის საკითხი აღარ არის - ეს დემოკრატიული მმართველობის, საჯარო ანგარიშვალდებულებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის ნაწილია.