ჩვენ, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, მკვლევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დაუშვებლად მივიჩნევთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მართვის სფეროში არსებულ პრობლემებს ეწირებოდეს ჩვენი უნიკალური ძეგლები, ჩვენი ისტორიის ჯერ კიდევ საკვლევი ფურცლები...
აწ უკვე განადგურებულ ძეგლთა ნუსხას შეემატა ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში, ზღუდერის „სამეკლესიანი ბაზილიკა“, წმინდა საკურთხევლითა და მასში მოქცეული უძველესი ტრაპეზის ქვით. ეკლესია დანგრეულია, ძველი ტაძრის ადგილას კი უკვე დასხმულია რკინა-ბეტონის ცოკოლი და მასზე ბეტონის ბლოკით ამოყვანილია რამდენიმე მეტრის სიმაღლის კედლები.
ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის შემთხვევით გახდა ცნობილი 2026 წლის 13 ივნისს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის, თამთა დოლიძის მიერ გამოქვეყნებული ფოტომასალისა და განმარტებითი ტექსტის წყალობით.
სამწუხაროდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერის სამონასტრო კომპლექსში ერთი წლის წინ დაწყებულმა სამუშაოებმა შეუქცევადი ზიანი მიაყენა ქართული ხუროთმოძღვრების ეტაპური მნიშვნელობის ძეგლს, რომელიც 1940 წელს, საბჭოთა მმართველობის პერიოდშიც კი, ნაწილობრივ გადაურჩა ვანდალურ ქმედებებს: მაშინ იგი სამშენებლო მასალად იქნა გამოყენებული სოფ. ყინცვისის სკოლისთვის...
საჯარო სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას სხვადასხვა ორგანიზაცია გამოეხმაურა: გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის განცხადება ცალსახად გმობს ზღუდერის ეკლესიაზე განხორციელებულ სამუშაოებს და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებულ სისტემურ გამოწვევებზე მიუთითებს; განსაკუთრებით ნიშანდობლივია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (სააგენტო) განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული სამუშაოების შესახებ სააგენტოს ჯერ კიდევ გასულ წელს ჰქონდა ინფორმაცია და ფაქტზე რეაგირებაც მოახდინა; ამასთანავე, გავრცელდა ადგილობრივი ეპარქიის ოფიციალური პირებისა და სამღვდელოების მტკიცებაც, რომ მათ აღნიშნული სამუშაოების შესახებ ჰქონდათ ძეგლთა დაცვის ნებართვა და თავად სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტი.
ამ ურთიერთბრალდებებითა და დაპირისპირებით აღბეჭდილ პროცესში რთულია საზოგადოებამ სრულფასოვნად შეაფასოს ის ვანდალური ქმედებები, რომლებიც უკვე მრავალი წელია ხორციელდება ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიმართ და ამჟამად, ძეგლის მოსპობის სახით, გამოვლინდა ზღუდერის ეკლესიაში.
სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშკარად იკვეთება პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობა მხოლოდ ადგილობრივ ეპარქიაზე, რასაც ირიბად ხელი შეუწყო სააგენტოსა და სხვა ორგანიზაციების ოფიციალურმა განცხადებამ – ძეგლის განადგურების ეს ცალკეული შემთხვევა, რომელიც დარგში არსებული სისტემური პრობლემების ნათელი მაგალითია, მხოლოდ უნებართვო სამუშაოების სახელით კვალიფიცირდა.
ცხადია, ადგილობრივ ეპარქიას ეკისრება თავისი წილი პასუხისმგებლობა ძეგლის მოსპობაში, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის მოვალე მხარეების, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, პირველადი პასუხისმგებლობა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, უწყებას ქართული კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლის მოსპობა-განადგურების შესახებ უკვე 2025 წელს ჰქონდა ინფორმაცია, რაც აჩენს არაერთ კითხვას:
1. თუკი ძეგლის განადგურების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იყო ცნობილი, რატომ არ ხორციელდებოდა მუდმივი მონიტორინგი ადგილზე?
2. როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება გახდა ცნობილი სააგენტოსთვის, რა მოიმოქმედა ძეგლის ნანგრევების შემდგომი დაცვისა და შენარჩუნებისთვის? განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნაგებობა, გარდა საკუთრივ არქიტექტურისა, მოიცავდა რელიეფურ გამოსახულებებსა და წარწერიან ქვებს, რომლებიც, საუკეთესო შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა იყოს დაყრილი.
3. დაბოლოს, ალბათ ყველაზე ლეგიტიმური და მნიშვნელოვანი კითხვა: როდესაც სააგენტომ გამოავლინა უნებართვო, ანუ უკანონო ქმედებები ძეგლზე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის არა უბრალოდ დაზიანებით, არამედ მისი სრული მოსპობით დასრულდა, რატომ არ იმოქმედა კანონის შესაბამისად?
კულტურული მემკვიდრეობის საკუთრებისა და მისი მოვლა-პატრონობის სამართლებრივ საკითხს არეგულირებს „საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ და „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმება“, ე.წ. კონკორდატი. შესაბამისად, 2025-2026 წლებში სოფელ ზღუდერის „სამეკლესიიან ბაზილიკასთან“ მიმართებით განხორციელებული ყველა ქმედება წარმოადგენს ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობლივი პასუხისმგებლობის საგანს. თუმცა, სწორედ რომ ორივე მხარის უპასუხისმგებლობის, კანონის უგულებელყოფისა და, ამგვარად, დაუსჯელობის ირიბი წახალისების შედეგია ქართული კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის ათობით განადგურებული თუ დაზიანებული ძეგლი.
ამ შემთხვევაშიც, გარდა საქართველოს კულტურის სამინისტროს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობისა, რომელსაც ძეგლის განადგურების შესახებ ჯერ კიდევ 2025 წელს ჰქონდა ინფორმაცია, პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს საპატრიარქოს. სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ მძიმე დარღვევაზე უწყებამ მოახდინა რეაგირება და ფაქტის შესახებ აცნობა არა მხოლოდ ადგილობრივ ეპარქიას, არამედ საქართველოს საპატრიარქოსაც. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: რა ქმედითი ზომა მიიღო საქართველოს საპატრიარქომ შუა საუკუნეების გამორჩეული სულიერი კერის განადგურებასა და ტაძრის - ქრისტეს სხეულის სიმბოლოს - ხელყოფისა თუ რღვევის ფაქტთან დაკავშირებით?
შეუქცევადი შედეგი, მიწასთან გასწორებული ზღუდერის ეკლესია, ადასტურებს, რომ საქართველოს საპატრიარქოს არ ჰქონია რეაგირება სააგენტოს ოფიციალურ მიმართვაზე, ან მის მიერ მიღებული ზომები არ აღმოჩნდა საკმარისი საიმისოდ, რომ ძეგლზე ვანდალური სამუშაოები შეწყვეტილიყო. ორივე შემთხვევაში მდგომარეობა მეტად საგანგაშოა კულტურული მემკვიდრეობის სამომავლო ბედთან მიმართებით.
სიმბოლურია, რომ ტაძრის ნგრევის მეორე და საბოლოო ეტაპი დღევანდლობას უკავშირდება – სახელმწიფო სტრუქტურებისა და ეკლესიის ერთობლივ „ძალისხმევას“. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა საფრთხეშია მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის, მმართველობის, ანგარიშვალდებულებისა და კანონის უზენაესობის სისტემური კრიზისის ფონზე, ადამიანის უფლებების შელახვის კონტექსტში.
ამ ორეტაპიანი ნგრევა-განადგურების შედეგად ქართულმა კულტურულმა და სულიერმა მემკვიდრეობამ დაკარგა ზღუდერის „სამეკლესიიანი ბაზილიკა“, შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების იშვიათი ნიმუში. ძეგლი მშენებლობის სამ ქრონოლოგიურ ფენას მოიცავდა და თითქმის სრულად წარმოჩენდა ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ისტორიას. ტაძრის ფასადებსა და ინტერიერში განთავსებული ცალკეული რელიეფური გამოსახულება თუ კომპოზიცია, მსგავსად არქიტექტურული ფენებისა, შუა საუკუნეების ქართული ქვაზეკვეთილობის განვითარების ეტაპებს ასახავდა, ხოლო ტაძრის სივრცეში მოქცეული ლაპიდარული ასომთავრული წარწერები უმნიშვნელოვანესი წყარო იყო შუა საუკუნეების ქართული პალეოგრაფიის, არქიტექტურისა თუ, ზოგადად, ქვეყნის ისტორიისთვის.