11 სექტემბერი, 2026 წელი
განცხადება ბათუმის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლთან დაკავშირებით
ჩვენ, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, მკვლევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვუერთდებით ბათუმელების მწვავე რეაქციას მოდერნის არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშზე, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე და, ზოგადად, ისტორიულ ბათუმში მიმდინარე პრობლემურ პროცესებთან დაკავშირებით.
მოდერნის (Modern), იგივე არ ნუვოს (art nouveau), იგივე იუგენდშტილის (Jugendstil) მოძრაობამ მე-19 საუკუნის დამლევს ერთიანად შეცვალა, გადაახალისა, გაათავისუფლა არქიტექტურა და ახალ შემოქმედებით ტალღად მოევლინა ბრიუსელს, პარიზს, ნანტს, ვენას.., ასევე საქართველოს ქალაქებს.
ეპოქის მოწინავე ხუროთმოძღვრულ ტენდენციებს ფეხს უწყობდა ბათუმიც. ამის აშკარა დასტურია სწორედ არ ნუვოს აღმავლობის პერიოდში, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ახლანდელი ზ. გამსახურდიას და მ. კოსტავას ქუჩათა კვეთაზე აგებული არ ნუვოს არქიტექტურის გამორჩეული ნიმუში, რომლის პირველი სართული მაღაზიებს ეკავა, მეორეზე კი ბანკი იყო განთავსებული.
სახლის კაზმული ფასადი, ოსტატურად შესრულებული მდიდარი ორნამენტული რეპერტუარითა და დახვეწილი ფერადოვნების მოზაიკით, ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე უძველესი უბნის მშვენებაა. 2017 წლამდე მისი ინტერიერი ჯერ კიდევ ინახავდა მოდერნის არქიტექტურისთვის დამახასიათებელ უნიკალურ სივრცეებსა და დეტალებს. სამწუხაროდ, ბოლო ხანს მფლობელთა მიერ განხორციელებულმა სამუშაოებმა სრულებით წაშალა ეს კვალი, რადგან ძეგლი შიგნიდან გამოფატრულია.
ბოლო დღეების მანძილზე კი შენობის ფასადზე წარიმართა ძეგლისთვის ზიანის მომტანი სამუშაოები. გარდა სრულიად შეუსაბამო ფერებში შეღებვის და შემდგომ გადაღებვისა, არსებობს იმის საშიშროებაც, რომ მოირღვა ან შეიცვალა ფასადის უნიკალური ორნამენტული რეპერტუარის დეტალები.
შესაბამისად, ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეჩერდეს ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კი სასწრაფოდ უზრუნველყოს ძეგლის დღევანდელი მდგომარეობისა და ძეგლთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ. ამ შეფასების გასაჯაროებისა და პროფესიულ წრეებთან შეჯერების შემდეგ, განისაზღვროს ფასადის რეაბილიტაციის შემდგომი ეტაპები და, შესაბამისი პროექტის საფუძველზე, დაიგეგმოს ფიზიკური სამუშაოები.