9 სექტემბერი, 2026 წელი
საზოგადოებრივი ასამბლეის კულტურული მემკვიდრეობის ჯგუფის განცხადება ხადის ხეობაში ქოროღოს არქიტექტურულ კომპლექსზე მიმდინარე სარესტავრაციო პროექტსა და გამოვლენილ მეთოდოლოგიურ დარღვევებთან დაკავშირებით
X-XI საუკუნეთა მიჯნით დათარიღებულ ქოროღოს არქიტექტურულ კომპლექსზე მიმდინარე სამუშაოები უკვე რამდენიმე წელია პროფესიული თუ ფართო საზოგადოების მხრიდან აქტიური კრიტიკის საგანია. 2023 წლიდან მოყოლებული, მომზადდა არაერთი საგანგაშო წერილი, სატელევიზიო გადაცემა, საჟურნალო-საგაზეთო წერილი თუ სამეცნიერო სტატია. ქოროღოს არქიტექტურული კომპლექსის მიმდინარე პროექტის მეთოდოლოგიური საკითხები თუ მისი პრაქტიკული განხორციელება განხილვის საგნად იქცა არაერთ საჯარო ლექციასა თუ სამეცნიერო კონფერენციაზე. კრიტიკის ძირითადი საგანი ძეგლზე განხორციელებული ის სამუშაოებია, რომლის შედეგადაც განადგურდა X საუკუნის უნიკალური „ზურგიანი კოშკი“. ამასთანავე, საბოლოოდ მოინგრა ღვთისმშობლის ტაძრის სამხრეთი შესასვლელის წინ არსებული მინაშენი, რომელშიც მოქცეული იყო ტაძრის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი ნაწილი, ქართული კულტურის იშვიათი ნიმუში – ქტიტორთა რელიეფური კომპოზიცია, ტაძრის გეგმის გამოსახულებით.
წინამდებარე პროექტი და მიმდინარე სამუშაოები კრიტიკულად იქნა შეფასებული 2023 წლის გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ. ჩუბინაშვილის ცენტრმა საგანგებოდ გამოიკვლია საარქივო მასალა, ადგილზე შეისწავლა ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები და ყოველივე ამის საფუძველზე წარადგინა მიმდინარე პროექტის შეფასება, რომელსაც თან ერთვის მეთოდური რეკომენდაციები და რეკომენდაციები პროექტის მართვასა და პროცედურებთან დაკავშირებით (იხ., დანართი 1). აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ჩუბინაშვილის ცენტრის მხრიდან გაცემული რეკომენდაციებისა თუ პროფესიული და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობისა, აღნიშნული მიმართულებით არავითარი მსჯელობა არ დაწყებულა და საკითხს არც კონკრეტული რეაგირება მოჰყოლია შესაბამისი უწყებების მხრიდან.
გარდა ამისა, ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომელთა მიერ ყოველწლიური ექსპედიციების ფარგლებში მომზადდა კიდევ ერთი სრული სამეცნიერო კვლევა და ანგარიში ამავე საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც გამოქვეყნდა ამავე დაწესებულების სამეცნიერო ჟურნალში – საქართველოს სიძველენი (იხ., დანართი 2.). მოცემული კვლევა დიდწილად დაფუძნებულია ყოველწლიურ საველე ექსპედიციებსა და საარქივო მასალების ანალიზზე. წინამდებარე კვლევის ფარგლებში მკაფიოდ ჩანს ქოროღოს არქიტექტურულ კომპლექსზე განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების მეთოდოლოგიური, საკანონმდებლო თუ საშემსრულებლო ხარვეზები და დარღვევები.
რამდენადაც ცნობილია, აღნიშნული კვლევის შედეგებისა და საველე ექპედიციების ფარგლებში შესწავლილი საკითხების შესახებ, შემდგომი რეაგირების მიზნით, კვლევის ავტორებმა ინფორმაცია მიაწოდეს უშუალოდ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. დარგის სპეციალისტები ითხოვდნენ სააგენტოს მხრიდან საველე ექსპედიციების შედეგად მომზადებული ანგარიშების გაცნობას და კრიტიკულ დასკვნებს, რათა შესაძლებელი გამხდარიყო ქოროღოს არქიტექტურული კომპლექსის ფარგლებში არსებული კომპლექსური პრობლემების გადაჭრის გზების ძიება, თუმცა რეაგირება არც ამ მიმართვას მოჰყოლია.
აქვე აღსანიშნავია, რომ პროექტის მეთოდოლოგიური თუ საშემსრულებლო ნაწილის ესოდენ მრავალმხრივი და საფუძვლიანი კრიტიკის პარალელურად ძეგლზე ფიზიკური სამუშაოები სეზონურად, ყოველწლიურ რეჟიმში გრძელდება, რაც ძირითადად განადგურებული „ზურგიანი კოშკის“ ხელახალი მშენებლობით შემოიფარგლება. სპეციალისტების მიერ გამოითქვა შეშფოთება უშუალოდ ახალი მასის მშენებლობისას გამოყენებული შეუთავსებელი სამშენებლო მასალის მიმართებითაც, რაც ასევე უგულებელყოფილია შესაბამისი უწყებების მიერ.
მოკლედ აღვნიშნავთ იმ დარღვებებსა და დაზიანებებს, რომლებიც კომპლექსზე ფიზიკური სამუშაოების დაწყების დღიდან დღემდე გამოვლინდა:
• ზურგიანი კოშკის გაუმართლებელი ნგრევა – X საუკუნის კოშკი ბრუტალურად, სრულებით გაუმართლებლად და ყოველგვარი სამეცნიერო დასაბუთების გარეშე საძირკვლიანად დაინგრა, რამაც ავთენტური სამშენებლო მასალის მნიშვნელოვანი ნაწილის შეუქცევადი დაკარგვა გამოიწვია. სამშენებლო ქვები წინასწარ არ იყო მარკირებული და, პირველ ეტაპზე, კოშკის ნანგრევები უსისტემოდ იყო მიმოფანტული კომპლექსის ტერიტორიაზე.
• კოშკის ავთენტურობის არასწორი შეფასება – პროექტის ავტორ-შემსრულებელთა მხრიდან კოშკის 1970-იან წლებში მთლიანად „აშენების“ შესახებ გაკეთებული შეფასება არ შეესაბამება ისტორიულ-საარქივო მონაცემებს. 1976-1977 წლებში მასზე განხორციელებული იყო საკონსერვაციო სამუშაოები და არა სრული რეკონსტრუქცია. შესაბამისად, კოშკის ძირითადი ნაწილი ავთენტურ ისტორიულ ნაგებობას წარმოადგენდა.
• ისტორიული წარწერიანი ქვების არასათანადო დაცვა – კოშკის ნგრევის პროცესში სათანადოდ არ იქნა დაცული ასომთავრული სამშენებლო წარწერის მქონე ლოდი; ასევე დაკარგულია მეორე, გვიანდელი წარწერის მქონე ქვა, რომლის მდგომარეობა ამჟამად უცნობია.
• სამხრეთი მინაშენის გაუმართლებელი დემონტაჟი – ეკლესიის სამხრეთი კარის წინ არსებული გვიანდელი მინაშენი დაიშალა წინასწარი სათანადო კვლევისა და მასში ჩაშენებული, ტაძრის თანადროული რელიეფური ქვების დაცვის გეგმის გარეშე, რის შედეგადაც ტაძრის არქიტექტურულ ქსოვილთან დაკავშირებული უნიკალური სკულპტურული ელემენტები დამოუკიდებელ და დაუცველ ობიექტებად დარჩა.
• უნიკალური რელიეფების არასათანადო დაცვა – ქტიტორთა გამოსახულებიანი რელიეფები ღია ცის ქვეშ, ნანგრევებს შორის არის დატოვებული და თუნუქის დროებითი, სახელდახელო საშუალებებითაა დაფარული. ამასთან, ერთ-ერთ რელიეფზე უკვე შეინიშნება მექანიკური დაზიანების კვალი.
• ღვთისმშობლის ტაძრის კონსტრუქციული პრობლემების უგულებელყოფა – სარეაბილიტაციო სამუშაოებისას არ განხორციელებულა რიგი დაზიანებული და პოტენციურად საფრთხის შემცველი მონაკვეთების სათანადო გამაგრება, მათ შორის ჩრდილოეთი კედლისა და ჩრდილო-დასავლეთი კუთხის საძირკვლის ნაწილებში.
• წყალამრიდი სისტემის გაუმართაობა – ახალი სახურავის მოწყობისას არ იქნა გათვალისწინებული სრულფასოვანი წყალგადამყვანი სისტემა, რის გამოც არსებობს ფასადების მუდმივი დასველებისა და კედლის წყობის გამორეცხვის საფრთხე.
• უხარისხო და მეთოდოლოგიურად შეუსაბამო შელესვა – როგორც ფასადებზე, ისე ინტერიერში შესრულებული ახალი ნალესობა ფრაგმენტული, უსისტემო და უხარისხოა; მისი ნაწილი უკვე დაბზარულია და ცვივა, ხოლო შესრულების ტექნიკა არ შეესაბამება თანამედროვე საკონსერვაციო-სარესტავრაციო პრაქტიკას.
• დაზიანებული ქვის წყობის გაუმაგრებლობა – ფასადებსა და ინტერიერში არსებული ბზარები, სიცარიელეები, განშრევებები და დაძრული ქვები რიგ შემთხვევაში არ გამაგრებულა, მათ შორის სარკმელთა წირთხლებსა და კარნიზებზე, რაც ძეგლის კონსტრუქციული მდგრადობის თვალსაზრისით პრობლემურია.
• ძეგლის მხატვრული და არქიტექტურული სახის გაუარესება – არაკვალიფიციური და ფრაგმენტული შელესვის შედეგად ნაწილობრივ დაიფარა და დამახინჯდა ისტორიული ქვის წყობის ხასიათი, რამაც უარყოფითად იმოქმედა ძეგლის ავთენტურ ვიზუალურ მთლიანობაზე.
• ახალი კოშკის მშენებლობა და გამოყენებული მასალების შეუთავსებლობა – გარდა იმისა, რომ სრულებით გაუგონარი მიზეზებით განხორციელდა X საუკუნის უნიკალური ზურგიანი კოშკის ვანდალური ნგრევა, რა დროსაც განადგურდა ძეგლის სამშენებლო მასალის დიდი ნაწილი – აბსოლუტურად შეუსაბამო შემაკავშირებელი ხსნარის გამოყენებით ხორციელდება ახალი „მასის“ მშენებლობა, რაც არანაკლებ პრობლემური საკითხია კომპლექსის ერთიანობისა და მისი ავთენტურობის კონტექსტში.
• სანებართვო პროცესების კანონიერების საკითხი – ყველაზე უფრო პრობლემატური და შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ არაერთი კითხვა არსებობს ძეგლზე ფიზიკური სამუშაოების ნებართვის გაცემის პროცედურულ გამართულობასთან დაკავშირებით, რაც შემდგომი სამართლებრივი შესწავლის საგანს წარმოადგენს.
ძეგლზე ფიზიკური სამუშაოები გრძელდება – 2026 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით კოშკის პირველი, ანუ საძირკვლის სართულის მშენებლობა დასრულებულია და გრძელდება ზედა ნაწილის ამოყვანა. ასევე, ამ დრომდე ღია ცის ქვეშ, სახელდახელოდ შეკრული ფიცრულის ქვეშაა მოქცეული უნიკალური რელიეფური კომპოზიციები და კოშკის სამშენებლო წარწერა (სურ. 1-3).
ამრიგად, განხორციელებული სამუშაოების ერთობლიობა მიუთითებს, რომ რიგ შემთხვევებში პრიორიტეტი მიენიჭა ძეგლის ფორმალურ „რეაბილიტაციას“, მაშინ როდესაც სათანადოდ არ იქნა უზრუნველყოფილი ავთენტური ისტორიულ-არქიტექტურული ქსოვილის შენარჩუნება, მინიმალური ჩარევის პრინციპი, ისტორიული მასალის დაცვა და კონსერვაციული სამუშაოების ხარისხი. შედეგად, ცალკეულ მონაკვეთებზე სამუშაოებმა არა ძეგლის არსებული ღირებულებების შენარჩუნებას, არამედ მათი შეუქცევადი დაკარგვის ან დაზიანების რისკის ზრდას შეუწყო ხელი.
შესაბამისად, ქოროღოს არქიტექტურულ კომპლექსზე განხორციელებული სამუშაოები საჭიროებს დამოუკიდებელ პროფესიულ შეფასებას, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება ავთენტური მასალის შენარჩუნებას, დემონტაჟის აუცილებლობის დასაბუთებას, გამოყენებული მასალების თავსებადობას, შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და ძეგლის კონსერვაციის მეთოდოლოგიის დაცვას. ამგვარი შეფასება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკვე მიყენებული ზიანის დასაფიქსირებლად, არამედ იმისთვისაც, რომ მსგავსი მიდგომა ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის დამკვიდრებულ პრაქტიკად არ იქცეს.
საგანგაშოა და სასწრაფოდ მოსაგვარებელი სამხრეთი კარიბჭის ნგრევის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილი რელიეფური გამოსახულებების ბედი, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ 2023 წლის ჩუბინაშვილის ცენტრის საჯარო ანგარიშის რეკომენდაციებში ვკითხულობთ: „სასწრაფოდ უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ღონისძიებები ეკლესიის სამხრეთი კარიბჭის დანგრევის შემდეგ ცალკე დარჩენილი ორი რელიეფური ქვის დასაცავად. ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავლად გვესახება მათი გადატანა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება არა მხოლოდ მათი დაცვა და პრეზენტაცია, არამედ დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობაც. სასურველია ქოროღოზე (ალბათ შიგ ეკლესიაში) განთავსდეს რელიეფების მაღალხარისხიანი ასლები (მულაჟები), რათა ადგილზე მისულ მნახველს სრული წარმოდგენა შეექმნას კომპლექსური ძეგლის ყველა კომპონენტზე.“
ვიდრე შესაძლებელი გახდება ქოროღოს არქიტექტურული კომპლექსის ფარგლებში წამოჭრილი უკიდურესად მნიშვნელოვანი პრობლემების (მართვის, მონიტორინგის, მეთოდოლოგიური, საშემსრულებლო თუ საკანონმდებლო საკითხების) შესახებ ფართო პროფესიული მსჯელობის დაწყება, აუცილებელია ღია ცის ქვეშ დარჩენილი რელიეფური გამოსახულებებისა და „ზურგიანი კოშკის“ წარწერიანი (ასომთავრული) ქვის დროებითი თუ საბოლოო დაცვითი ღონისძიებების გატარება.
მოვუწოდებთ საქართველოს კულტურის სამინისტროს და საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს საფუძვლიანად შეისწავლოს:
1. ქოროღოს არქიტექტურულ კომპლექსზე დღემდე განხორციელებული ყველა ფიზიკური ჩარევის მიზანშეწონილობა.
2. ძეგლზე მომუშავე კომპანიისა და პროექტის ხელმძღვანელის მიერ ფიზიკური სამუშაოების დაწყების ნებართვის კანონიერება, კერძოდ კი, მისი შესაბამისობა კანონთან კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.