19 ოქტომბერი, 2026 წელი
საზოგადოებრივი ასამბლეის კულტურული მემკვიდრეობის ჯგუფის განცხადება ძველ თბილისში დაგეგმილ „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
საკუთრივ თბილისის, იგივე სეიდაბადის, ქალაქგეგმარებითი ქსოვილის ბევრი ფრაგმენტი ქუჩების შუასაუკუნეებრივი წარმომავლობის ქსელს მოიცავს. სეიდაბადი, გარდა გოგირდოვანი აბანოებისა, მდიდარია საცხოვრებელი სახლების ტიპოლოგიური მრავალფეროვნებითა და საცხოვრებლის არაერთი მაღალმხატვრული ნიმუშით, რომ არაფერი ვთქვათ მის უდიდეს ისტორიულ მნიშვნელობაზე.
ვახტანგ გორგასლის (დღევანდელი იბრაჰიმ ისფაჰანლის) IV შესახვევის მიმდებარე, სეიდაბადის დამრეც რელიეფზე განლაგებული განაშენიანება საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ამას მოწმობს აღნიშნულ უბანში გადარჩენილი ძველი კედლების ფრაგმენტები, XIX საუკუნის სხვადასხვა პერიოდით დათარიღებული, თბილისური სპეციფიკით გამორჩეული საცხოვრებელი სახლები.
აზერბაიჯანის საელჩოს მშენებლობას თბილისური არქიტექტურის ტიპოლოგიური და მხატვრულ-ისტორიული თვალსაზრისით გამორჩეული არაერთი საცხოვრებელი სახლი ემსხვერპლა. საელჩოს მიმდებარე, მის ჩრდილოეთით მდებარე განაშენიანება სიძველით გამოირჩევა და ფასდაუდებელია ურბანულ-არქიტექტურული თვალსაზრისით. განაშენიანება სეიდაბადის (საკუთრივ თბილისის) ქუჩათა ქსელისაგან განუყოფელია. იგი ხასიათდება საცხოვრებელი სახლების თბილისურ რელიეფთან ჰარმონიული შეთავსებით, მოიცავს ისლამური და ევროპული არქიტექტურული ფორმებით და თბილისური სპეციფიკით გამორჩეულ საცხოვრებელ შენობებს, რაც თბილისის განუმეორებელი მხატვრულ-არქიტექტურული სახის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამავე უბანში მდებარეობს ოდესღაც დავით თამამშევის კუთვნილი, ძველი სამშენებლო ფენების შემცველი, 1830-იან წლებში აშენებული აბანო, რომელსაც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის“ მშენებლობა. ცენტრი „გულისხმობს 5 380 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაბარიტული ნაგებობის მოწყობას“, რაც სრულებით შთანთქავს სეიდაბადის უნიკალურ განაშენიანებას.
მოვითხოვთ, რომ
I. მოხდეს განაშენიანების არქიტექტურული თვალსაზრისით კვლევა, ასევე ხელახალი ინვენტარიზაცია, გაკეთდეს ამ კონკრეტული ურბანული მონაკვეთის შემადგენელი ნაგებობების შეფასება მხატვრულ-არქიტექტურული თვალსაზრისით და დაისახოს გეგმა მის გადასარჩენად.
II. შედგეს სპეციალისტების გაფართოებული სხდომა სეიდაბადის ურბანული ქსელისა და ქსოვილის დაცვის საკითხის განსახილველად, რომ თბილისს კიდევ ერთხელ არ მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი.